მუდმივი პეისმეიკერი
მუდმივი პეისმეიკერის იმპლანტაცია
მუდმივი პეისმეიკერი ბრადიარითმიების სამკურნალოდ გამოიყენება. ბრადიარითმია ნიშნავს, რომ თქვენი გული ზედმეტად ნელა იკუმშება, რის გამოც იგი ვერ ახერხებს ორგანიზმის სრულყოფილად მომარაგებას სისხლით, რამაც შესაძლოა ძილიანობა, ადვილად დაღლა, ჰაერის უკმარისობა ან გონების ხანმოკლე დაკარგვა გამოიწვიოს. ბრადიკარდიის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ სინუსის კვანძი (გულის რიტმის ბუნებრივი წამყვანი) ძალიან ნელა გამოიმუშავებს ელექტრულ იმპულსებს (სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი) ან ეს იმპულსები გულის სპეციალური გამტარი სისტემის რომელიმე უბანზე ფერხდება (ელექტრული ბლოკადა). ბრადიკარდიის ნებისმიერი ამ სახის შემთხვევაში ხელოვნურ პეისმეკერს შეუძლია აღადგინოს თქვენი გულის შეკუმშვათა ნორმალური სიხშირე.
რისგან შედგება ხელოვნური პეისმეიკერი?
პეისმეიკერი იმპულსების გენერატორისა და ერთი ან რამდენიმე ელექტროდისგან შედგება. იმპულსების გენერატორი ელექტრულ იმპულსებს გამოიმუშავებს. იგი მეტალის პატარა კოლოფია, რომელშიც ელექტრონული სქემები და ელემენტებია მოთავსებული. გენერატორი ჩვეულებრივ მკერდის ზედა ნაწილის კანქვეშ თავსდება და ელექტროდებთანაა შეერთებული. ელექტროდი ელექტრულად იზოლირებული წვრილი გამტარია, რომელიც გულის შიგნით დგება და ელექტრული იმპულსები გულამდე მიაქვს.
როგორ ხდება პეისმეიკერის იმპლანტაცია?
ჩვეულებრივ, პეისმეკერის იმპლანტაციის პროცედურა საკმაოდ მარტივი და უსაფრთხოა. ექიმი ლავიწქვეშა მიდამოს ადგილობრივ ანესთეზიას მოახდენს, რის შემდეგაც პეისმეკერის ელექტროდს ვენის გავლით გულში მოათავსებს. რენტგენის სხივების მეშვეობით ექიმი ზუსტად განსაზღვრავს ელექტროდის პოზიციას გულის შიგნით. მას შემდეგ, რაც ელექტროდის ნორმალური ფუნქციონირება შემოწმდება, მას იმპულსების გენერატორს მიუერთებენ, რომელიც მისთვის სპეციალურად მომზადებულ კანქვეშა ჯიბეში თავსდება ლავიწის ოდნავ ქვემოთ. ამის შემდეგ ექიმი რამდენიმე ნაკერით ჭრილობას დახურავს.
რა შემეტყობა გარედან პეისმეკერის იმპლანტაციის შემდეგ?
ოპერაციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ჭრილობა შესაძლოა ოდნავ შეწითლებული და შეშუპებული იყოს. მისი შეხორცების შემდეგ თქვენ მხოლოდ მცირე გამობურცულობას შეამჩნევთ პეისმეკერის იმპლანტაციის ადგილზე.
რამდენ ხანს მომიწევს საავადმყოფოში დარჩენა?
ჩვეულებრივ, სახლში წასვლას იმპლანტაციიდან მეორე დღეს შეძლებთ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დამატებით ერთი ან ორი დღე გახდეს საჭირო. საავადმყოფოდან გაწერამდე ექიმი კიდევ ერთხელ შეამოწმებს ელექტროდების მდებარეობას გულის შიგნით და პეისმეკერის გამართულ მუშაობას.
რა გავლენას ახდენენ ელექტრო-მაგნიტური ხელსაწყოები პეისმეკერზე?
ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველს შეუძლია გავლენის მოხდენა თქვენი პეისმეკერის გამართულ მუშაობაზე. სასურველია, არ გაჩერდეთ ისეთ ადგილებში, სადაც ძლიერი ელექტრომაგნიტური ველი იქმნება, მაგალითად, რადიო- და ტელეგადამცემი ანძების ან ელექტროსადგურების სიახლოვეს, აგრეთვე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ. თუ თქვენ სისუსტეს ან გულის ფრიალს გრძნობთ ასეთ ადგილას, უბრალოდ გაერიდეთ ამ ადგილს და თქვენი პეისმეკერი კვლავ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის უმეტესობა სრულიად უსაფრთხოა თქვენი პეისმეკერისთვის.
თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ შემდეგი ხელსაწყოები:
-
მიკროტალღოვანი ღუმელი
-
გაზქურა და ელექტროქურა
-
სარეცხი მანქანა
-
მაცივარი
-
ტელევიზორი და რადიომიმღები
-
ვიდეომაგნიტოფონი
-
კომპიუტერი
-
CD პლეერი
-
თმის საშრობი
-
ელექტრული საპარსი
-
დისტანციური მართვის პულტი ტელევიზორისთვის
-
მტვერსასრუტი
-
პრინტერი
-
სკანერი
-
ფაქსი
-
ტელეფონი
შემიძლია თუ არა მობილური ტელეფონის გამოყენება?
დიახ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მობილური ტელეფონი, თუმცა სასურველია გარკვეული სიფრთხილის დაცვა. კერძოდ, ნუ შეინახავთ მობილურ ტელეფონს თქვენს პეისმეკერთან ახლოს, მაგალითად გულის ჯიბეში. მობილურ ტელეფონზე საუბრისას ეცადეთ, ყურმილი იმ ყურთან გეჭიროთ, რომელიც უფრო შორს არის პეისმეკერიდან.
რა უნდა გავითვალისწინო სხვადასხვა სამედიცინო პროცედურის ჩატარებამდე?
უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი სამედიცინო ან სტომატოლოგიური პროცედურის წინ აუცილებლად უთხარით ექიმს, რომ თქვენ პეისმეკერი გაქვთ იმპლანტირებული.
პროცედურები, რომლებიც უსაფრთხოა პეისმეკერის ფუნქციონირებისთვის:
-
სტომატოლოგიური პროცედურები
-
კბილის დაბურღვა
-
კბილების გასუფთავება
-
კბილის რენტგენოსკოპია
-
დიაგნოსტიკური რენტგენოგრაფია, მათ შორის გულმკერდის რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია
პროცედურები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ პეისმეკერის მუშაობაზე. ამ პროცედურების ჩატარება შესაძლებელია გარკვეული უსაფრთხოების წესების დაცვის შემდეგ.
-
დიაგნოსტიკური ულტრაბგერითი კვლევა
-
ტრანსდუსერი არ უნდა მოთავსდეს უშუალოდ პეისმეკერის თავზე
-
-
თერაპიული ულტრაბგერითი პროცედურები
-
ტრანსდუსერი უნდა მოთავსდეს პეისმეკერიდან მინიმუმ 15 სმ-ის მანძილზე
-
პროცედურები, რომლებიც ახდენენ გავლენას პეისმეკერის მუშაობაზე. ამ პროცედურების ჩატარების აუცილებლობა უნდა დაადასტუროს ექიმმა და მიიღოს ზომები, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შესაძლო რისკი.
-
დიათერმია
-
გეგმიური ელექტრული კარდიოვერსია
-
ლითოტრიფსია
-
სხივური თერაპია
-
ნერვების ტრანსკუტანური ელექტროსტიმულაცია
პროცედურები, რომლებიც ძირითადად უკუნაჩვენებია პეისმეიკერიანი პაციენტებისთვის:
-
მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა
ძალზე ძლიერი ელექტრო-მაგნიტური ველის გამო არსებობს გართულებების ალბათობა. როგორც წესი, ეს პროცედურა უკუნაჩვენები იყო პეისმეიკერიანი პაციენტებისთვის, თუმცა ამჟამად თანამედროვე პეისმეიკერები უკვე თავსებადია მაგნიტო-რესონანსულ კვლევასთან. თუ თქვენ მაგნიტო-რეზონანსული კვლევა გჭირდებათ, დააზუსტეთ თქვენს ექიმთან, თავსებადია თუ არა თქვენი პეისმეიკერი. თავსებადი პეისმეიკერის შემთხვევაშიც კი მაგნიტო-რეზონანსული კვლევა უნდა ჩატარდეს სპეციალური სიფრთხილის ზომების დაცვით, რაშიც თქვენი ექიმი გაგარკვევთ.